მეგი ო’ფერელის წიგნმა გამოსვლისთანავე დაიმსახურა მკითხველის დიდი
მოწონება, თუმცა ნაწარმოების პოპულარობამ პიკს 2025 წელს მიაღწია, ამავე
სახელწოდების ფილმის გამოსვლის შემდეგ.
რომანი ჰამნეტი უილიამ შექსპირის ვაჟის, 11 წლის ჰამნეტის, მოულოდნელ
გარდაცვალებაზე გვიამბობს და პარალელურად, უილიამ შექსპირის ცხოვრების
საინტერესო დეტალებსაც გვაცნობს.
ვინ იყო უილიამ შექსპირი, როგორ ცხოვრობდა, ჰყავდა თუ არა ოჯახი და
საერთოდ, არსებობდა კი ასეთი ადამიანი? ეს კითხვები დღემდე პასუხგაუცემელია.
მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მეცნიერები დაობენ და ვერ თანხმდებიან
უილიამ შექსპირის ბიოგრაფიული ცნობების შესახებ. ერთი რამ ნათელია, მისი
შემოქმედება უკვდავყო საზოგადოებამ, მისი სახელი კი – მისივე შემოქმედებამ.
მეგი ო’ფერელის ჰამნეტი ავტორისეული მცდელობაა უილიამ შექსპირის
იდუმალებით მოცული ცხოვრების შესახებ წარმოდგენა შეუქმნას მკითხველს.
წიგნის დასაწყისში თითქოს ვერ ვხვდებით, რომ ამბავი შექსპირსა და მის ოჯახზეა.
მთელი თხრობის მანძილზე არ არის ნახსენები უილიამ შექსპირის სახელი და
გვარი. წიგნში ყოფითი სცენების საინტერესო აღწერა ცხადად წარმოგვადგენინებს
მაშინდელ ცხოვრებას. ერთ ეზოში მდგარი ორი სახლი, რომელთაგანაც პატარაში
უილიამ შექსპირი ფუძნდება ახალშერთულ ცოლთან ერთად. ცოლი მასზე რვა
წლით უფროსია, ასეთი ქორწინება კი იმ დროს ძალიან იშვიათი, თითქმის
წარმოუდგენელი იყო და ეკლესიის სპეციალურ ნებართვას საჭიროებდა. როგორც
ჩანს, უილიამ შექსპირმა პირად ცხოვრებაშიც განსხვავებული ნაბიჯი გადადგა,
შემდეგ კი მსოფლიო ლიტერატურასა და სამსახიობო ხელოვნებაშიც ნამდვილი
რყევები გამოიწვია.
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, შექსპირის ცოლის სახელი ენი უნდა ყოფილიყო,
თუმცა წიგნში ამ სახელით არ ვხვდებით. მეგი ო’ფერელის მიერ შექმნილი
პერსონაჟი აგნესია. ის საოცრად საინტერესო, იდუმალებით მოცული,
მრავალმხრივი პერსონაჟია. აგნესს აქვს ადამიანის შეცნობის მისეული უნარი,
შეუძლია სამკურნალო ბალახებით წამლების მომზადება, უამრავი ადამიანის
შველა და დახსნა გასაჭირისგან. ნამდვილი გაჭირვების ტალ-კვესია მთელი
ქალაქისა და სამეზობლოსთვის, თუმცა წიგნში ცხოვრების ირონიულობაც სწორედ
ამ დეტალითაა გამოხატული: ქალმა, რომელიც ყველას უწევდა დახმარებას,
საკუთარი შვილის გადარჩენა ვერ შეძლო. აქვე ვეცნობით ევროპაში შავი ჭირის
ეპიდემიის აფეთქების ისტორიას, მკურნალობის მაშინდელ მეთოდებს.
რა ხდება მაშინ, როდესაც ოჯახს ენით აღუწერელი ტრაგედია ატყდება თავს,
როგორ იცვლებიან ადამიანები, როგორ შეიძლება გაუმკლავდე ტკივილს,
რომელიც არასდროს დაგტოვებს. რამდენგვარიცაა ადამიანი, იმდენგვარია დიდ
სევდასთან გამკლავების გზაც. ზოგი გლოვობს თავისთვის, ჩუმად, თითქოს
სამყაროს თან ემდურის და ემიჯნება კიდეც, ასეთია აგნესის გლოვა. ზოგისთვის
გლოვა ხმამაღალია, უნდა, რომ სამყაროს შეატყობინოს, გაუზიაროს ტკივილი,
რომელსაც ვეღარ იტევს, ასეთია აგნესის ქმრის, ანუ შექსპირის გლოვა. მკითხველის
თვალწინ იცვლება ოჯახის ცხოვრება და იწერება უკვდავი ისტორია.
ფაქტობრივად, ეს წიგნი ტრაგედია ჰამლეტის შექმნის ამბავს მოგვითხრობს.
შვილის გარდაცვალებით განადგურებული მამა ლონდონში მიდის, ერთი წელი
საერთოდ აღარ ჩანს, ქრება. ცოლს ჰგონია, რომ ქმარმა მიატოვა და ყველა და
ყველაფერი დაივიწყა, თუმცა წიგნის ემოციური და მოულოდნელი ფინალი
სრულიად საპირისპიროს გვეუბნება. ,,გახსოვდე,’’ ამბობს პიესაში გაცოცხლებული
გარდაცვლილი ბიჭუნა და იმედის შუქს ჰფენს ცხოვრებას.
სტატიის ავტორი: ნინაკო ღლონტი
