- ძვირფასო კლერ, თქვენი შესანიშნავი რომანის სიუჟეტი 1950-60-70-იან
წლებში ვითარდება დორსეტის ფერმაში. რამ შთაგაგონათ ამ ამბის დაწერა?
რამდენიმე წლის წინ მთელი ოჯახი ლონდონიდან გადავედით ერთ ძველ,
მინდვრებით გარშემორტყმულ ფერმაში, რომელიც ინგლისის სამხრეთდასავლეთ ნაწილში მდებარეობს. სამი შვილი გვყავს. პირველ ორ ბავშვსა და
ნაბოლარა ფელიქსს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა. ჩვენ მას ლეკვი
ვუყიდეთ, რათა ბავშვს მარტოსულად არ ეგრძნო თავი. ბიჭი და ძაღლი
განუყრელი მეგობრები გახდნენ! ერთ დღეს ჩემი ქმარი სარბენად იყო გასული.
სწორედ ამ დროს ჩვენი ძაღლი ცხვრის ფარაში შევარდა და ფერმერმა კინაღამ
მოკლა. საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. აი, სწორედ ამ
შემთხვევამ შთამაგონა რომანის დაწერა! ანაზდად, თვალწინ ცხადად
წარმომიდგა საძოვარზე გამოსული ფერმერი, მისი ცოლი და ბიჭუნა, რომელიც
მათკენ მირბოდა, რათა თავისი ძაღლი დაეჭირა. რატომღაც გულმა მითხრა, ამ
ქალსა და კაცს ეს ბიჭი თავიანთ შვილს აგონებთ, რომელიც ახლახან
გარდაიცვალაო. ამასთანავე, ვიგრძენი ძლიერი ლტოლვა, რომელიც ბიჭის მამას
და ფერმერის ცოლს აკავშირებდათ. ეს იყო სასიყვარულო სამკუთხედი,
რომელიც მხოლოდ იმასღა ელოდა, რომ ფურცელზე გადამეტანა. - ამ სულისშემძვრელ ისტორიაში რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენთვის?
ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ისეთი ისტორიის შექმნა, რომელიც
მაქსიმალურად ნამდვილი ემოციებით იქნებოდა აღსავსე. ბეტი მგლოვიარე
დედაა. ცხოვრებაც სწორედ მაშინ ენგრევა, როცა ყველაზე სუსტი და
დაუცველია. თავად მე, როგორც დედას, ყოველთვის თავზარს მცემდა, როცა
გავიგებდი, რომ ვინმეს შვილი გარდაეცვალა. ეს ხომ მშობლისთვის
განუზომელი ტკივილია. თუმცა, როცა ,,გახლეჩილი მიწის“ დაწერის იდეა
გამიჩნდა, იმასაც მივხვდი, რომ ეს ტკივილიც უნდა მეხსენებინა. მსურდა,
გამეცნობიერებინა ის ტკივილი, რასაც ბეტი და ფრენკი განიცდიან და ისიც
გამეგო, თუ როგორი გავლენა შეიძლებოდა მოეხდინა ამას მათ ოჯახსა და ბეტის
არჩევანზე. ამასთან ერთად, სურვილი მქონდა, ეს სევდა
გამეკეთილშობილებინა იმ სინათლით, რომელიც თან სდევს ამ ისტორიას.
იმედია, იგრძნობა, რომ ეს შუქი სხვა პერსონაჟებსაც სწვდება: მაგალითად,
ჯიმისა და ნინას, ფრენკისა და ბეტის ქორწინების პირველ წლებს და,
რასაკვირველია, გაბრიელისა და ბეტის პირველ სიყვარულს. იმედია, იმ
პასტორალური, იდილიური სამყაროს მშვენებაც ჩანს, სადაც ისინი ცხოვრობენ. - საყვარელი პერსონაჟი თუ გყავთ?
ჩემი საყვარელი პერსონაჟი ფრენკია. ვფიქრობ, ამის მიზეზი ისაა, რომ ფრენკი
საოცარი სტოიკური სიმშვიდითაა გამსჭვალული, თუმცა ემოციებითაც სავსეა და
გამუდმებით ამ ემოციების ჩახშობას ცდილობს. ფრენკზე წერა დიდ სიამოვნებას
მანიჭებდა – ეს არის მამაკაცი, რომელიც ბევრს განიცდის, მაგრამ არ გამოხატავს.
მის შინაგან სამყაროს ნათლად ვხედავდი. ფრენკი თავიდანვე ჩემიანი იყო. ბეტიც
ძალიან მიყვარს. მართალია, შეცდომები ჩაიდინა და ზოგჯერ არასწორ არჩევანსაც
აკეთებს, მაგრამ ცხოვრებისგან ძლიერი დარტყმები მიიღო და მესმის, რამაც
უბიძგა მცდარი არჩევანისკენ. მესმის, როგორ სჭირდებოდა რეალობისგან გაქცევა. - თქვენ რომ მდგარიყავით არჩევანის წინაშე, რომელს აირჩევდით: ფრენკს თუ
გაბრიელს?
ამ არჩევანის გაკეთება შეუძლებელია! წერის პროცესში გული უფრო მეტად
ფრენკისკენ მიმიწევდა. ერთი-ორჯერ შევჩერდი და გარკვეული ხნით წერა
შევწყვიტე, რადგან ამბავი აღარ მიესადაგებოდა ჩემს იდეებს და მეტისმეტად
ჩახლართული მეჩვენებოდა. მერე წერას ვაახლებდი და ეს ყოველთვის ფრენკის
გამო ხდებოდა – აუცილებლად უნდა გამერკვია, რა მოხდებოდა ბოლოს. თუმცა
ამასობაში გაბრიელიც შემიყვარდა და ამ ორ პერსონაჟს შორის ვიხლიჩებოდი:
ვეღარ ვიგებდი, ბეტი ბოლოს ვისთან დარჩებოდა, მიუხედავად იმისა, რომ
პირველივე დღიდან ვიცოდი ფინალი. მე ფრენკი ავირჩიე (მაგრამ, გემუდარებით,
იქნებ ცოტა გაბრიელიც მარგუნოთ). - როგორ, როდის და სად წერთ? გარკვეული რიტუალები გახასიათებთ?
საყვარელი ადგილები თუ გაქვთ რომანის დასაწერად?
სახლში ვწერ. კაბინეტი მაქვს, რომელიც ადრე პატარა საძინებელი იყო და
ჩვილობაში ჩემს შვილს ეძინა. წერისთვის ზედგამოჭრილია. პატარაა, მყუდროა და
ზამთრის თავშესაფარს ჰგავს, ძილისთვის. თაროზე ჩემი საყვარელი წიგნები
მიწყვია, ორი ლამაზი სანათი, სამუშაო მაგიდა და უამრავი საოჯახო
ფოტოსურათიც მაქვს. განსაკუთრებული რიტუალები არ მჩვევია, თუმცა,
ჩვეულებრივ, სურნელოვან სანთელს ვანთებ, ფინჯან ყავას ვსვამ და მუშაობას
ვიწყებ. დილით ვიწყებ წერას და შემიძლია მთელი დღე ვწერო – თუმცა ხშირად
ვისვენებ (ო, დიდი ზოზინა ვინმე ვარ!). სხვაგან წერაც მიცდია, კაფეებშიც
ვყოფილვარ და ბიბლიოთეკებშიც. მიუხედავად იმისა, რომ იქაურობა ძალიან
მომწონს, ყურადღება მეფანტება, რადგან მარტო არ ვარ. ყველაზე კარგად ჩემს
კაბინეტში და ჩემი საყვარელი ნივთების გარემოცვაში გახლავართ. რამდენიმე
საათით მთელ ქვეყნიერებას ვეთიშები და მერე რეალობაში დაბრუნება ძალიან
რთულია. - წიგნის პერსონაჟების შექმნისას, თქვენთვის ნაცნობი ადამიანებიდან
რომელიმე ხომ არ გამხდარა შთაგონების წყარო?
,,გახლეჩილი მიწისთვის“ მასალების მოძიების პერიოდში ერთ პატარა ფერმაში,
ცოლ-ქმართან ვცხოვრობდი, კენტში. როცა წიგნის წერა დავიწყე, სულ ისინი
მახსენდებოდა. ვერ ვივიწყებდი, როგორი განუყოფლები იყვნენ მიწასთან,
ბუნებასთან… თუ როგორ აუშენა ქმარმა ცოლს რაღაც სამალავი, რათა იქიდან
დაჰკვირვებოდა ბუდეში მოკალათებულ ჩიტებს (ეს დეტალი წიგნშიც მაქვს
ნახსენები). ამას გარდა, ჩვენი სახლის გარშემო რომ მინდვრებია, იმათი მფლობელი
ცოლ-ქმარი, ფერმერი კითი და ნინა (სამოცდაათ წელს არიან გადაცილებულები)
მუდამ ჩემი შთაგონების წყარო იყვნენ. როცა ვფიქრობ, როგორ ეძახის კითი
ცხვრებს, ის თავისებური ხმა, რომელსაც ის გამოსცემს და ყოველდღე მესმის ჩემს
კაბინეტში, ვხვდები, რომ, რა თქმა უნდა, ესეც ასახულია ფრენკის პერსონაჟში. აი,
გაბრიელის დედაზე, ტესა ვულფზე კი ვიტყვი, რომ იგი გარკვეულწილად
შეკოწიწებულია იმ რთული ბუნების, ასაკოვანი ქალებისგან, ვინც ცხოვრებაში
მინახავს. რომელიმე კონკრეტულ პიროვნებას არ ასახავს, არამედ მათი ნაზავია,
ისეთ ადამიანთა ნაკრები, რომელთა სნობიზმი, განკითხვისადმი მიდრეკილება და
ალკოჰოლის სიყვარული ღრმადაა ჩარჩენილი ჩემს ქვეცნობიერში! - როგორ გგონიათ, რას იგრძნობს მკითხველი, როცა ამ წიგნს წაიკითხავს?
,,გახლეჩილი მიწა“ – ეს არის რომანი სიყვარულსა და მის ყველანაირ
გამოვლინებაზე. ალბათ, უფრო ვისურვებდი, მკითხველმაც იგივე განიცადოს, რაც
მე განვიცადე წიგნის დასრულების შემდეგ. პერსონაჟები ცხოვრების საკმაოდ
რთულ გზას გადიან და ხშირად უწევთ ტკივილთან შეჯახება, უარყოფისა და
დანაკარგის გადატანა, თუმცა იმედს მაინც არ კარგავენ. წიგნის დასასრული
ჩემთვის სევდანარევია, ტკბილიც არის და მწარეც. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ
მოვლენები ისე დალაგდა, როგორც დალაგდა (არაფერს მიგანიშნებთ!) თუმცა
გულდაწყვეტილიც გახლავართ იმ საფასურის გამო, რაც წიგნის გმირებმა
გადაიხადეს!
ამას გარდა, ,,გახლეჩილ მიწაზე“ მუშაობისას მოულოდნელად მივხვდი, რომ
ბეტის მსგავსად, მეც სიღრმისეული კავშირი შევიგრძენი ბუნებასთან. ძალიან
კარგი იქნება, თუ მკითხველსაც იგივე განცდა დაეუფლება. ფერმერებთან
ცხოვრებამ თვალი ამიხილა და სოფლის, პასტორალური ყოფა-ცხოვრების
მშვენიერება და სისასტიკე ერთდროულად დამანახა. ინტერვიუ ინგლისურიდან თარგმნა – თეონა ბითაძემ
