“ქართული ჰაგიორგაფია” ქარჩხაძის გამომცემლობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი
წიგნია, რომელიც პირველად 2016 წელს გამოიცა და მაშინვე დაიმსახურა მკითხველთა
დიდი ყურადღება. წიგნში თავდაპირველად წარმოდგენილი იყო ქართული
ჰაგიორგაფიის სამი მნიშვნელოვანი ძეგლი – შუშანიკის წამება, აბოს წამება, გრიგოლ
ხანძთელის ცხოვრება.
მკითხველთა განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს წიგნის კონცეფცია –
ორიგინალი, ძველი ქართული ტექსტების პარალელურად წარმოდგენილია მათი
ახალ ქართულ ენაზე შესრულებული უზუსტესი ვერსიებიც. წიგნის წინასიტყვაობა და
თითოეული ტექსტის შესავალი წერილები ლევან გიგინეიშვილს ეკუთვნის, ხოლო
ტექსტების ახალ ქართულ ენაზე შესრულებული ვერსიები – ლეილა ბერიაშვილს.
განახლებულ გამოცემაში წარმოდგენილია არა მხოლოდ შუშანიკის წამების, აბოს
წამებისა და გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების ტექსტები, არამედ დამატებულია
არანაკლებ მნიშვნელოვანი ჰაგიოგრაფიული ძეგლი – იოანეს და ექვთიმეს ცხოვრება,
რომლის ახალ ქართულ ენაზე შსრულებული ვერსია ლეილა ბერიაშვილს ეკუთვნის.
ასეთი გამოცემის მიზანია, ერთი მხრივ, დაეხმაროს სასწავლო პროცესს და
მოსწავლეებს გაუიოლოს ტექსტებთან წვდომა, მეორე მხრივ კი საქართველოს
ისტორიით, კულტურითა და ლიტერატურით დაინტერესებულ მრავალ ადამიანს,
რომელთაც დღეს ძველი ქართული ნაკლებად ესმით, გაუხსნას გზა ამ უნიკალური
წყაროებისკენ.
ჰაგიოგრაფიული თხზულებები ტრადიციულად დიდი შემოკლებებით იბეჭდება
ხოლმე, განსაკუთრებით სასწავლო გამოცემებში. ქარჩხაძის გამომცემლობის
ქართული ჰაგიოგრაფიის წიგნში აბოს წამების, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებისა და
იოანეს და ექვთიმეს ცხოვრების ტექსტები უმცირესი შემოკლებებითაა
წარმოდგენილი, ხოლო შუშანიკის წამება პრაქტიკულად სრული სახითაა.
ქარჩხაძის გამომცემლობის “ქართული ჰაგიოგრაფია” არის წიგნი, რომელიც ერთნაირად
საინტერესო და ძვირფასია როგორც სკოლის მოსწავლეთათვის, ისე ერთგული
მკითხველებისა თუ უბრალოდ ლიტერატურის მოყვარულებისთვის.
სტატიის ავტორი: ნინაკო ღლონტი
