ბრიტანელი ავტორის, კლერ ლესლი ჰოლის რომანმა გახლეჩილი მიწა
გამოცემისთანავე დიდი ყურადღება დაიმსახურა. რომანი 2025 წელს მკითხველთა
რჩეული წიგნების სხვადასხვა სიაში უმეტესად მოწინავე ადგილს იკავებდა, წიგნი
2026 წელსაც საკმაოდ პოპულარულია. საინტერესოა, როგორ მოახერხა ავტორმა
დიდი აუდიტორიის მოპოვება და მკითხველთა გაოცება, ბლოგში სწორედ ამაზე
მოგითხრობთ.
თუკი ერთი ამოსუნთქვით წასაკითხ, მარტივ, სკანდალურ წიგნს ეძებთ
“გახლეჩილი მიწა” ზუსტად ასეთია. რომანს აქვს ყველაფერი ის, რაც თანამედროვე
მკითხველს ხშირად აღაფრთოვანებს: პატარა დასახლება, ადგილი, სადაც უამრავი
ადამიანის ბედი ერთმანეთს აუცილებლად გადაეკვეთება; პირველი სიყვარული,
გრძნობები, მათი დაკარგვა და მუდმივი განცდა; თავბრუდამსხმელი სასიყვარულო
სამკუთხედი; უამრავი საიდუმლო და მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა,
რომლის გამოც ადამიანების ცხოვრება ინგრევა.
რომანში მოქმედება 1960-იან წლებში ხდება. წიგნში რამდენიმე სხვადასხვა დროა
აღწერილი – ვიხსენებთ წარსულს, ახალგაზრდობის ბედნიერ წლებსა და იქვე
ვკითხულობთ ახლანდელ ამბებს, ვეცნობით მთავარი პერსონაჟების ცხოვრების
განვითარებას. ავტორის გამორჩეული თხრობის სტილი კიდევ უფრო
ჩახლართულს აჩენს ისტორიას და მკითხველიც მოუთმენლად ელის წარსულსა თუ
აწმყოში განვითარებული მოვლენების აღწერას.
ბეტი ერთი უბრალო გოგოა, რომელსაც დიდი ოცნებები და მიზნები აქვს, უნდა
კარგად ისწავლოს, მწერლობაც სურს, ქალები ეს-ესაა დაიშვებიან საუნივერსიტეტო
წრეებში და ბეტსაც უნდა მათ რიგებში ჩაწერა. გოგონას ოჯახი უბრალოა,
მშობლები მასწავლებლები არიან, რომლებიც სიყვარულით ზრდიან დებს და
ბეტის გადაწყვეტილებებს უმეტესად მხარს უჭერენ.
გაბრიელი სულ სხვა სამყაროდანაა. მდიდარი ბიჭი, თითქმის უსიყვარულო
ოჯახში იზრდება, დედისერთაა და მთელი ყურადღება მისკენაა მიმართული, მას
ევალება სამომავლოდ ოჯახის საუკეთესო სახის შენარჩუნება, ბრწყინვალე
კარიერის აწყობა და სანიმუშო მამაკაცობაც.
ფრენკი ფერმერის შვილია, ფერმაში გაზრდილი ბიჭი, მზრუნველი და ჩვილი
გულის პატრონი. დედა ტრაგიკულად გარდაეცვალა და პატარაობიდანვე ზრუნავს
უმცროს ძმაზე, რომელმაც დედის გარდაცვალება განსაკუთრებით განიცადა.
მამასთან ერთად მუდამ ფერმაში მომუშავე ბიჭს ოჯახის რჩენა, შენახვა და მის
ირგვლივ მყოფ ადამიანებზე ზრუნვა ცხოვრების ჩვეულებრივ წესად ექცა.
მკითხველს მალევე უჩნდება უამრავი კითხვა, რომელზეც პასუხებს რომანი ნელნელა გვაძლევს – რა ხდება მაშინ, როცა პირველი სიყვარულის დავიწყება ვერა და
ვერ შეძელი? რამდენად გამართლებულია ანდაც საერთოდ შესაძლებელია, ორი
ადამიანი ერთდროულად გიყვარდეს? რას გაიღებ, დათმობ შენი თუ შენი რჩეულის
ბედნიერებისთვის? რამდენჯერ შეგიძლია შეცვალო ცხოვრების ტრაექტორია?
რამდენი ტკივილის ატანა შეუძლია ადამიანს?
რომანი მარტივად იკითხება, შინაარსი საკმაოდ ჩახლართულია. მკითხველმა
ბოლოს მაინც თავად უნდა გადაწყვიტოს, რამდენად ეთანხმება ან არ ეთანხმება
მთავარ გმირებს, მათ საქციელსა და ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებებს. ალბათ,
სწორედ ესაა ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც რომანმა სხვადასხვა ტიპის
მკითხველის გული დაიპყრო. წიგნი არაა ე.წ. კლასიკა, ეს არაა ცხოვრებისეული
გაკვეთილების მასწავლებელი თხზულება, ესაა რომანი რამდენიმე არეული,
დაკარგული ადამიანის შესახებ, რომლებიც უბრალოდ ცდილობენ, რაც შეიძლება
ნაკლებად აყვნენ ცხოვრების ვნებათაღელვას.
სტატიის ავტორი: ნინაკო ღლონტი
