მთარგმნელი: თეონა ბითაძე
„საკანცელარიო მაღაზია თეირანში” ირანელ-ამერიკელი ავტორის, მარჯან ქამალის, მეორე რომანია, რომელიც 2019 წელს გამოქვეყნდა და უკვე ოც ენაზე ითარგმნა. წიგნში მოთხრობილია დიდი სიყვარულის ამბავი, რომელიც ირანის სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი მოვლენის, 1953 წლის სახელმწიფო გადატრიალების ფონზე ვითარდება.
ჩვიდმეტი წლის მეოცნებე, იდეალების მაძიებელი გოგონა, სახელად როია, სულიერ ნავსაყუდელს ბატონი ფახრის წიგნებისა და საკანცელარიო ნივთების მაღაზიაში პოულობს, სადაც თავისი ცხოვრების უდიდეს სიყვარულს, ბაჰმანს, შეხვდება.
ეს წიგნი მოგვითხრობს სიყვარულის უკვდავებასა და ცხოვრების ირონიულობაზე, იმაზე, თუ რა ადვილად შეიძლება გადაახვევინოს პიროვნებას არჩეული გზიდან უახლოეს ადამიანთა წინააღმდეგობამ თუ არაკეთილმოსურნეობამ. საინტერესოა ირანის მოქალაქეთა თვალით დანახული პოლიტიკური მოვლენები, რაც რომანს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
16,90 ₾მთარგმნელი სოფო ქარჩხაძე
მეთევზეთა პატარა სოფელ ბარკლი ქოუვში ყველას სმენია „მარშის გოგოს“ შესახებ, რომელიც მარტო ცხოვრობს ჭაობში, ფეხშიშველი დაიარება და საჭმელს ტალახში ეძებს. სინამდვილეში სულ რამდენიმე მათგანი იცნობს კაია კლარკს, საოცრად ჭკვიან, ცნობისმოყვარე, ხელოვან გოგოს, რომელიც თავად ბუნებამ გამოზარდა. როდესაც ბარკლი ქოუვში მკვლელობა ხდება, ეჭვობენ, რომ ეს საზარელი დანაშაული კაიამ ჩაიდინა. დელია ოუენსის წიგნი „იქ, სადაც კიბორჩხალები მღერიან“ ერთდროულად დეტექტივი, ბილდუნგსრომანი და დედამიწის ჰიმნია. ავტორი საოცარი პოეტურობით აღწერს ადამიანის უხილავ კავშირს ბუნებასთან და საზოგადოებასთან, პერსონაჟებს კი ისეთი დილემების წინაშე აყენებს, სადაც მხოლოდ სიყვარული საკმარისი არ არის.
დელია ოუენსი ამერიკელი ზოოლოგია ჯორჯიის შტატიდან. „იქ, სადაც კიბორჩხალები მღერიან“ მისი სადებიუტო რომანია, რომელიც თითქმის სამოცდაათი წლისამ გამოაქვეყნა. 2018 წელს გამოსული წიგნი მაშინვე მოექცა საერთაშორისო ბესტსელერების სათავეში და თითქმის ორმოცდაათ ენაზეა თარგმნილი.
15,90 ₾„გოგოობის კანონი“ და „დევის ცოლის სიცილი“ ლია ლიქოკელის ორი პოეტური კრებულია, სხვადასხვა დროს გამოცემული, ახლა კი ერთ წიგნად გაერთიანებული. წიგნის მნიშვნელოვანი სიახლე ისიცაა, რომ ამ გამოცემაში შესულია ლექსები, რომლებიც ძველ კრებულებში ვერ მოხვდა. „დევის ცოლის სიცილით“ ლია ლიქოკელი გახდა პრემია საბას ლაურეატი დებიუტის კატეგორიაში. სამი წლის შემდეგ გამოიცა „გოგოობის კანონი“, რომელმაც საზოგადოებას უზომოდ შეაყვარა ლექსების ავტორი. ლიას ლექსები ტკივილიანი და ყველასთვის გასაგები, ცხოვრებაში ერთხელ მაინც განცდილი გრძნობებითაა დატვირთული. გოგოდ თუ ქალად ყოფნის სირთულეები, მისტიკურობა და მითოსი, ბუნება, გრძნობები და ზოგადად ადამიანობის განცდა ლია ლიქოკელის პოეზიის მნიშვნელოვანი თემებია.
17,90 ₾მთარგმნელი: თამარ ლომაძე
„დაბრუნება” წარმოშობით განელი ამერიკელი მწერლის, იაა ჯასის სადებიუტო რომანია, რომელიც 2016 წელს გამოქვეყნდა და მკითხველთა დიდი ყურადღება მიიპყრო.
მოქმედება ორ კონტინენტზე ვითარდება და სამ საუკუნეს მოიცავს. ეს არის ისტორია ორი ნახევარდისა და მათი შთამომავლების ბედზე: განაში, აფრიკაში, ორ სხვადასხვა სოფელში იბადება ორი და, ეფია და ესი, რომლებმაც არაფერი იციან ერთმანეთის შესახებ. ეფია ცოლად მიჰყვება ბრიტანელ კოლონიზატორს, ხოლო ესის შეიპყრობენ და მონად გაყიდიან.
ავტორი ოსტატურად მოგვითხრობს უთანასწორობის, კოლონიალიზმისა და მონობის პრობლემებზე; განიხილავს ისტორიული უსამართლობის გრძელვადიან შედეგებს, რასობრივი იდენტობის სირთულეებსა და წარსულის როლს აწმყოს ფორმირებაში. თოთხმეტი პერსონაჟის ამბის კვალდაკვალ, მკითხველი დაფიქრდება იმ ღრმა კავშირებზე, რაც წინაპრებთან და ერთმანეთთან გვაახლოებს.
16,90 ₾მთარგმნელი რამაზ ხატიაშვილი
ჯონ აპდაიკის მოთხრობების კრებული „მამაჩემის ცრემლები“, რომელიც 2009 წელს, მწერლის გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა, აერთიანებს ფაქიზად შერჩეულ ტექსტებს, რომელთა დიდ ნაწილში მწერალი კვლავ უბრუნდება ბავშვობის საყვარელ ადგილებს, აწ უკვე ასაკოვანი ადამიანის ხედვით. მისთვის დამახასიათებელი მახვილგონივრული დაკვირვებებითა და მგრძნობიარე ნიუანსებით, აპდაიკი ახალ ათასწლეულში შექმნილ ამ მოთხრობებში კვლავაც უზადო მთხრობელია, და მკითხველს მეხსიერების, წარმოსახვისა და ჭვრეტის ბრწყინვალე ნაზავს სთავაზობს.
19,90 ₾თქვენ წინაშეა წიგნი, რომელიც ჯგუფ Soft Eject-ის ოთხი წევრის მიერაა შექმნილი. წიგნში მოთხრობილია ახალგაზრდა მუსიკოსების ამბავი, რომლებიც 90-იანი წლების დასაწყისის თავისუფალი, მაგრამ სავალალო მდგომარეობაში მყოფი საქართველოდან ევროპაში მიმავალ პირველ ტალღაში მოხვდნენ. პირისპირ შეჯახება სრულიად უცხო სამყაროსთან, ტკივილით მიღებული გამოცდილებები, ცარიელ ადგილზე საკუთარი მომავლის შენება – Soft Eject-ის ისტორია თითქოს კარგად ნაცნობია, ძველთაძველი და ათასგზის გამეორებული, და ამავე დროს სრულიად უნიკალური და ახალი.
უჩვეულო და ექსპერიმენტულია წიგნის აგებულებაც, სადაც რეალურ მონათხრობებს მხატვრული სახეები – სიმღერების ტექსტები და ვიზუალური წარმოსახვები – ენაცვლება. წიგნი “მაწანწალა” ოთხი ადამიანის მიერ შექმნილ ერთ სივრცეს გთავაზობთ, სადაც შეგიძლიათ იპოვოთ როგორც ბევრი გასართობი, ასევე ბევრი მასალა გასააზრებლად.
და ბოლოს, წიგნს თან ერთვის აუდიო დისკი, რომელზეც განახლებული ჟღერადობით არის წარმოდგენილი Soft Eject-ის ალბომი Wanderer.
17,90 ₾მთარგმნელი: ლადო გიგაია
ამერიკელი მწერალი კრისტინ ჰანა ოცზე მეტი წიგნის ავტორია, მათ შორისაა ისტორიული რომანი „ბულბული”, რომელიც მრავალ ენაზე ითარგმნა და საერთაშორისო ბესტსელერადაც იქცა. „ოთხი ქარი” 2021 წელს გამოქვეყნდა, მალევე გახდა The New York Times-ისა და The Wall Street Journal-ის ბესტსელერი და წლის საუკეთესო წიგნადაც დასახელდა.
ტეხასი, 1934 წელი. დიდი დეპრესიის ყველაზე ბნელი და სასტიკი პერიოდი დგება _ ფერმერები თავიანთი მიწისა და სარჩოს შესანარჩუნებლად ებრძვიან გვალვასა და ქარიშხლებს. სწორედ ამ დროს უწევს ელსა მარტინელის მტკივნეული გადაწყვეტილების მიღება: იბრძოლოს საყვარელი მიწისთვის თუ დასავლეთით, კალიფორნიაში გაეშუროს უკეთესი ცხოვრების საძებნელად. „ოთხი ქარი” ამერიკისა და ამერიკული ოცნების შესახებ მოგვითხრობს. ეს არის ამბავი ბრძოლასა და თავგანწირვაზე, იმედსა და სიცოცხლეზე; ამბავი ქალისა, რომლის სიმამაცემაც მომავალ თაობებზე წარუშლელი კვალი დატოვა და რომელმაც იცოდა, რომ მხოლოდ სიყვარული გადარჩება.
16,90 ₾მთარგმნელი რამაზ ხატიაშვილი
სანამ 1952 წელს „უჩინარი” გამოქვეყნდებოდა, რალფ ელისონი არც თუ ცნობილი მწერალი იყო, ამ რომანის გამოქვეყნებიდან ერთ კვირაში კი მისი სახელი მოწმენდილ ცაზე მეხივით გავარდა. „უჩინარი” ბესტსელერების სიაში 16 კვირის განმავლობაში იკავებდა ადგილს, ერთი წლის შემდეგ კი ის ამერიკის ეროვნულ წიგნის პრემიაზე წარადგინეს, სადაც ასევე წარდგენილი იყო ერნესტ ჰემინგუეის „მოხუცი და ზღვა” და სტეინბეკის „ედემის აღმოსავლეთით”. მიუხედავად ასეთი ძლიერი მოწინააღმდეგეებისა, ჯილდო სწორედ „უჩინარმა” მოიპოვა.
წიგნი პირველ პირშია დაწერილი. უსახელო მთხრობელი გვიამბობს თავის სიმწარითა და უამრავი პრობლემით აღსავსე ისტორიას, თუ როგორ იზრდებოდა ამერიკის სამხრეთის შავკანიან საზოგადოებაში, როგორ გარიცხეს შავკანიანთა კოლეჯიდან და როგორ აღმოჩნდა ნიუ-იორკში, სადაც ჰარლემელთა პრობლემების მთავარ გამჟღერებლად და პოლიტიკურ აქტივისტად იქცა. რომანის აქტუალობა და პათოსი დღესაც იმდენად ძლიერია, რომ ის რასობრივი ცრურწმენების წინააღმდეგ ბრძოლის სათავეში დგას.
23,90 ₾სასკოლო გამოცემა
I ტომი
ძველი ქართული მწერლობა
შემდგენლები:
დიანა ანფიმიადი
ლეილა ბერიაშვილი
გია ქარჩხაძე
„ძველი ქართული მწერლობა” წარმოადგენს სასკოლო სამტომეულის, „ქართული მწერლობის“, პირველ ტომს. წიგნი აერთიანებს ჰაგიოგრაფიული, ისტორიული და მხატვრული პროზის, ჰიმნოგრაფიის, საერო პოეზიის ნაწარმოებებსა და მონაკვეთებს. ძველი ქართული მწერლობა V საუკუნიდან XIX საუკუნემდე: იაკობ ხუცესიდან ბესიკამდე, სულხან-საბა ორბელიანი და გურამიშვილი, მოსე ხონელი, ჩახრუხაძე და სხვანი. წიგნში თავმოყრილია ფართო საზოგადოებისთვის როგორც კარგად ნაცნობი, ისე შედარებით მივიწყებული ნაწარმოებები – შუშანიკის წამება, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება, დავითიანი, აბდულმესიანი, თამარიანი, მოგზაურობა ევროპაში, ამბავი რვათა ძმათა და სხვ. პროზაული ნაწარმოებები თანამედროვე ქართულითაა გადმოცემული. წინამდებარე გამოცემა დაეხმარება ფართო საზოგადოებას ძველი ქართული ტექსტების უკეთ გაგებასა და გააზრებაში.
24,90 ₾
წიგნში წარმოდგენილია სამი ჰაგიოგრაფიული ძეგლის – “შუშანიკის წამების”, “აბოს წამების” და “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების” – პარალელური ტექსტები, რომელთაგან ერთი წარმოადგენს ძველ ქართულ ორიგინალს, ხოლო მეორე – ახალ ქართულ ენაზე შესრულებულ უზუსტეს ვერსიას. ასეთი გამოცემას მიზანია, ერთი მხრივ, დაეხმაროს სასწავლო პროცესს და მოსწავლეებს გაუიოლოს ტექსტებთან წვდომა, მეორე მხრივ კი საქართველოს ისტორიით, კულტურითა და ლიტერატურით დაინტერესებულ მრავალ ადამიანს, რომელთაც დღეს ძველი ქართული ნაკლებად ესმით, გაუხსნას გზა ამ უნიკალურ წყაროებთან.
ჰაგიოგრაფიული თხზულებები ტრადიციულად დიდი შემოკლებებით იბეჭდება ხოლმე, განსაკუთრებით სასწავლო გამოცემებში. ამ გამოცემაში ჩვენ მინიმალურად შევამოკლეთ “აბოს წამების” და “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების” ტექსტები, ხოლო “შუშანიკის წამება” პრაქტიკულად სრული სახითაა წარმოდგენილი. ტექსტებს წინ უძღვის ფილოლოგ ლევან გიგინეიშვილის შესავალი წერილები, სადაც ღრმა ცოდნითა და პოპულარული ენით მოწოდებულია ის ძირითადი ასპექტები – ისტორიული, რელიგიური, ლიტერატურული და სხვა – რომელთა გათვალისწინებითაც გაცილებით ღრმად ჩავწვდებით ქართული მწერლობის ამ უზადო ნიმუშებს.
17,90 ₾
მთარგმნელი გიორგი მახარაძე
თანამედროვე ჩინელი მწერალი, ცაო ვენსიუენი, პირველი ჩინელი ავტორია, რომელსაც ჰანს ქრისტიან ანდერსენის პრემია აქვს მიღებული. პეკინის უნივერსიტეტის პროფესორი და პეკინის მწერალთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ცაო ვენსიუენი, ძირითადად ბავშვების ცხოვრებასა და იმ სირთულეებსა თუ განცდებზე მოგვითხრობს, რომელთა გამკლავებაც მათ ცხოვრების მანძილზე უწევთ. მიღებული აქვს 30-ზე მეტი ლიტერატურული პრემია, თარგმნილია მრავალ ენაზე.
ჩინეთის ჩრდილოეთით მდებარე პატარა სოფელში მცხოვრები ფოვასა და მისი ოჯახის ცხოვრება უკეთესობისკენ მას შემდეგ შეიცვლება, რაც მგლის ხროვისგან თოვლივით თეთრ კვიცს, სიუეერს, გამოიხსნიან. სიუეერი, ერთი მხრივ, წიგნის პერსონაჟია, მეორე მხრივ კი, ადამიანური ბუნების საზომი. ყველაფერი თავდაყირა კი მას შემდეგ დგება, რაც იეხუს ხეობაში იაპონური არმია შეიჭრება. არმია ცხენს გაიტაცებს, რომელსაც თავისი სამშობლოს წინააღმდეგ ბრძოლას აიძულებენ. წიგნში ემოციურადაა გადმოცემული ომში მყოფი ადამიანებისა და ბავშვების განცდები, და მაღალი ადამიანური ღირებულებებითაა გამსჭვალული.
19,90 ₾მთარგმნელი: თეონა ბითაძე
მეგი ო’ფერელი თანამედროვე ჩრდილოეთ ირლანდიელი მწერალია. „ჰამნეტი” მწერლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნია, რომელმაც მას the Women’s Prize for Fiction-ის გამარჯვებულის ტიტული მოუტანა 2020 წელს.
მეგი ო’ფერელის „ჰამნეტი” უილიამ შექსპირის ვაჟის, 11 წლის ჰამნეტის შესახებ გვიამბობს და მისი ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებს გვაცნობს ისე, რომ შექსპირის ვინაობას ტექსტში არსად ამჟღავნებს. რომანში მოთხრობილია 1580-იანი წლების ინგლისში მცხოვრები ახალგაზრდა, ღარიბი ლათინურის მასწავლებლისა და მისი ექსცენტრული, უჩვეულო ნიჭით დაჯილდოებული მეუღლის, აგნესის ოჯახური ისტორია, სადაც ცოლ-ქმარი შავი ჭირის მძვინვარების ფონზე შემზარავ ტრაგედიას უმკლავდება. ეს წიგნი „ჰამლეტის” შექმნის ისტორიაა _ ამბავი იმისა, თუ როგორ შეიძლება ყველაზე ღრმა მწუხარებისას ხელოვნებაში პოვო ნუგეში, ხოლო თავზარდამცემმა მოვლენამ მსოფლიოს უკვდავი შედევრი დაბადოს.
16,90 ₾