ჯემალ ქარჩხაძე დაიბადა 1936 წელს ვანის რაიონის სოფელ უხუთში. საშუალო განათლება ქალაქ ქუთაისში მიიღო, რის შემდეგაც დედაქალაქში გადავიდა სწავლის გასაგრძელებლად. 1960 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. 1962 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი მოთხრობა აბზიანიძეების ოჯახი. ჯემალ ქარჩხაძე 1961-1982 წლებში სხვადასხვა ადგილას მუშაობდა. თუმცა 1982 წელს რეგულარული სამსახური მიატოვა, რათა მთელი დრო მწერლობისთვის დაეთმო. ჯემალ ქარჩხაძის პირველმა პუბლიკაციებმა საზოგადოების ძლიერი მოწონება, ხოლო საბჭოთა კრიტიკოსების მკაცრი შეფასებები დაიმსახურა.
მიუხედავად ამისა, ქარჩხაძეს წერა არ შეუწყვეტია და ნაწარმოებებსაც რეგულარულად აქვეყნებდა. 1977 წელს მისი განსაკუთრებით პოპულარული თხზულება იგი გამოქვეყნდა. ამას მოჰყვა უმნიშვნელოვანესი რომანები ქარავანი, ანტონიო და დავითი, ზებულონი. აღსანიშნავია, რომ მწერალს სიცოცხლის განმავლობაში არ მიუღია არც ერთი პრემია. გარდაცვალების შემდეგ 1999 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია, 2007 წელს კი ქალაქ თბილისის საკრებულოს ლიტერატურული პრემია ”გალა”. ჯემალ ქარჩხაძე ახალი ათასწლეულის – ახალი თაობის აღმოჩენაა, მისი პოპულარობა დღითიდღე იმატებს. ქარჩხაძის ნამუშევრები ქართული სასკოლო პროგრამის ნაწილი გახდა.
მწერლის სტილი მრავალფეროვანია. ეს არის ინტელექტუალური პროზა, რომელიც კლასიკური ფორმითაა გამოხატული და ლექსიკურად ძალზე მდიდარი და ექსპრესიულია. ქარჩხაძის პროზა, ერთი მხრივ, მიჰყვება თხრობის ტრადიციულ ეტიკეტს, მაგრამ მეორე მხრივ, მკვეთრად ინდივიდუალური და განუმეორებელია. ქარჩხაძის ნაწარმოებებს ზნეობრივი მაქსიმალიზმი და უკომპრომისობა ახასიათებთ. მისი გმირები სიკეთით არიან გაჯერებულნი.
“ადამიანის ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა საიდუმლოებების მუდმივი ძიება, მათი მიგნება და სინათლეზე გამოტანა“ – წერს ჯემალ ქარჩხაძე და მკითხველს უტოვებს განცდას, რომ სწორედ მის ნაწარმოებში ამოხსნის ცხოვრებისეულ საიდუმლოებებს. მწერალი ადამიანთა ყოველდღიურობაში სასწაულების აღმოჩენას ახერხებს და ამით მწერლისადმი წაყენებულ მოთხოვნას ასრულებს: “მწერალს ერთადერთი რამ მოეთხოვება – შედევრები წეროს“.
ჯემალ ქარჩხაძის ნაწარმოებები თარგმნილი და გამოცემულია რუსულ და ჩეხურ ენებზე. ჯემალ ქარჩხაძეს დავით წერედიანთან ერთად ნათარგმნი აქვს ჰალდორ ლაქსნესის “ატომის სადგური“ , ლიონ ფეიხტვანგერის “ცრუ ნერონი”, რადიარდ კიპლინგისა და ძმები გრიმების ზღაპრები. მწერალი მრავალი სტატიის ავტორია, რომელიც სრულად და უცვლელი სახითაა გამოცემული ცალკე წიგნად.
ჯემალ ქარჩხაძე 62 წლის ასაკში – 1998 წელს გარდაიცვალა, დაკრძალულია საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.