საზაფხულო საკითხავი, 3 რჩეული წიგნი ქარჩხაძის გამომცემლობისგან

არ აქვს მნიშვნელობა, ზაფხულში რამდენი ხნით ვისვენებთ ხოლმე. ხანდახან ისე ხდება, რომ ზაფხულში ბევრ დასვენებას ვახერხებთ, ხანდახან, ჩვენი სურვილის მიუხედავად, შეიძლება, ეს ვერ მოვახერხოთ, მაგრამ დასვენება და ზაფხული, ალბათ, მაინც ყველა ადამიანისთვის ერთმანეთთან ასოცირდება. რა თქმა უნდა, დასვენების წარმოდგენაც სხვადასხვანაირი გვაქვს – ზოგისთვის ესაა მზე და ზღვა, მთა, აუზთან თუ მეგობრებთან ერთად გატარებული დრო, ტყე, ბევრი სიმწვანე და სიგრილე, სიმშვიდე… ეს სტატია კი მათთვისაა, ვისთვისაც ზაფხული განსაკუთრებით ასოცირდება კითხვასთან.

მათთვის, ვისთვისაც ტყე, სიგრილე, წყლის პირას სახლი და სიმშვიდეში დასვენება განსაკუთრებით სასიამოვნოა, ალბათ, იქ, სადაც კიბორჩხალები მღერიან ზედგამოჭრილი საკითხავი იქნება. ესაა წიგნი, რომელსაც ქარჩხაძის გამომცემლობის ერთგული მკითხველი მისი გამოცემიდან დღემდე ყველას ურჩევს. დელია ოუენსის ეს არაჩვეულებრივი რომანი ახალგაზრდა გოგონას ისტორიას გვიყვება. წიგნში ყველაფერია: სიყვარული, საზოგადოებისა და ინდივიდის დაპირისპირება, ბუნებისა და ადამიანის ჰარმონიული ცხოვრება და რაც ყველაზე ამაღელვებელია – გამოძიება. როგორია, როდესაც საზოგადოება „მარშის გოგოს“ გიწოდებს, მათთვის გაუცხოებული ადამიანი ხარ, რომელიც მარტო ცხოვრობს ჭაობში, ფეხშიშველი დაიარება და საჭმელს ტალახში ეძებს. სინამდვილეში სულ რამდენიმე მათგანი იცნობს კაია კლარკს, საოცრად ჭკვიან, ცნობისმოყვარე, ხელოვან გოგოს, რომელიც თავად ბუნებამ გამოზარდა. რა თქმა უნდა, მომხდარი საზარელი ფაქტი, მკვლელობა, აუცილებლად სწორედ იმ ადამიანს ბრალდება, რომელიც საზოგადოებისთვის მიუღებელი, უცნაური ცხოვრებით ცხოვრობს. კაიას ამ საოცარი თავგადასავლის შესახებ დელია ოუენსის წიგნში წაიკითხავთ.

მათ, ვისაც მუდამ მებრძოლი ადამიანები და მათი სულისშემძვრელი ისტორიები განსაკუთრებით იზიდავთ, აუცილებლად მოეწონებათ ოთხი ქარი. კრისტინ ჰანას ეს საოცარი წიგნი ტეხასელი ქალის, მისი ოჯახისა და მის ირგვლივ მყოფი ადამიანების აუტანელ სინამდვილეს მოგვითხრობს. დიდი დეპრესიის წლები ამერიკის ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, უმძიმესი ნაწილია. ადამიანები გადარჩენისთვის იბრძვიან, ემტერებიან და არ ენდობიან ერთმანეთს, სამსახურისა და ლუკმაპურისთვის ყველაფერს სჩადიან, ცდილობენ, როგორმე თავი გაიტანონ. ასეთ რეალობაში უწევს ელსას და მის ოჯახს თავის გადარჩენა. წიგნის დასაწყისში ელსა გოგონაა, რომელსაც უამრავი სურვილი, მომავლისა თუ ბედნიერების პოვნის იმედი ამოძრავებს. გადის დრო, გოგონა იზრდება, უყვარდება კიდეც, დედა ხდება და ხვდება, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა გადარჩეს და საკუთარ შვილებს რაც კი შესაძლებელია, ყველაფერი ჰქონდეთ. არდანებება, ბოლომდე ბრძოლა, თავგანწირვა მიზნის მისაღწევად – ამ ყველაფერს ერთ საოცარ ამბად უყვება მკითხველს კრისტინ ჰანა.

და ბოლოს, მათ, ვისაც სასიყვარულო, თავბრუდამხვევი ისტორიების კითხვა ზამთარსა თუ ზაფხულში, ნებისმიერ დროს უყვართ, საკანცელარიო მაღაზია თეირანში აუცილებლად მოეწონებათ. მარჯან ქამალის ეს საოცარი რომანი პირველი სიყვარულის გამოცდილებას, მის სინამდვილეს, ტკივილსა და ბედნიერებას ერთად აღწერს. ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს: იპოვო და დაკარგო ნამდვილი სიყვარული, შეძლო და მაინც შეიყვარო თავიდან, იცხოვრო ისე, როგორც ეს შენ გინდა, შეიძლება, სამშობლოსთან დამშვიდობებაც კი მოგიწიოს… ამბობენ, რომ დაბადებიდანვე შუბლზე, ჩვენგან შეუმჩნევლად გვაწერია ჩვენი ბედი, ის, რასაც ცხოვრება გვიმზადებს. შეიძლება, ცხოვრების ბოლომდე ვერ მიხვდე, რატომ მოხდა ყველაფერი ისე, როგორც მოხდა, რაღაცებს ეგუები, რაღაც შენთვის ბოლომდე გაურკვეველი რჩება, მაგრამ ცხოვრება გრძელდება და უამრავი მოულოდნელი რამეც ხდება, ზოგი კარგი, ზოგი არც ისე. საკანცელარიო მაღაზია თეირანში არის წიგნი მათთვის, ვისაც სჯერა, რომ სიყვარული ყველანაირ განსაცდელს დაამარცხებს, ნამდვილი, ჭეშმარიტი გრძნობა კი არასდროს ქრება და არავინ, არასდროს ვიცით, რა გველის მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში.