„საკანცელარიო მაღაზია თეირანში“ ირანული წარმოშობის ამერიკელი მწერლის მარჯან ქამალის წიგნია. მიუხედავად იმისა, რომ ქართულად თარგმნილი ეს რომანი სულ ცოტა ხნის წინ გამოიცა ქარჩხაძის გამომცემლობის მიერ, წიგნმა უკვე დიდი სიყვარული დაიმსახურა. ინტერნეტ სივრცეში უხვადაა წიგნის განხილვები და შეფასებები, დადებითი გამოხმაურება და უამრავი მკითხველი, რომელიც სიყვარულის საოცარ ისტორიას გაეცნო. ქვემოთ კი გთავაზობთ თავად ავტორთან ინტერვიუს, რომელიც სპეციალურად ქარჩხაძის გამომცემლობისა და ქართველი მკითხველისთვის ჩაიწერა.
რა თემების განხილვა გსურდათ ამ წიგნში?
ერთ-ერთი საკითხი, რისი განხილვაც მსურდა წიგნში, სახელწოდებით ,,საკანცელარიო მაღაზია თეირანში,“ არის ის, რომ დრო წრფივად კი არა, წრიულად მიედინება. ნებისმიერ დროს შეგვიძლია გავხდეთ იმხელა, რა ასაკისანიც უკვე ვიყავით, ანდა – ვიქნებით. წიგნის დასაწყისში აღწერილია სცენა, როდესაც სამოცდაჩვიდმეტი წლის როია დაქსტონის მოხუცებულთა ცენტრში მიდის და თავისი ყოფილი საქმროს, ბაჰმანის, ხმას კვლავ გაიგონებს, რომელიც სამოცი წელია, არ უნახავს. ამ დროს როია ისევ ჩვიდმეტი წლის გოგონა ხდება. რუსული თოჯინის მსგავსად, რომელსაც სხეულში სხვადასხვა ზომის თოჯინა უზის, ჩვენც მუდამ თან ვატარებთ ჩვენს ყოველ ასაკსა და ცხოვრების თითოეულ ეტაპს. მეორე თემა, რომელიც მსურდა წინ წამომეწია ამ წიგნში, ბედისწერის ცნებაა. როიას დედამისი ეუბნება, რომ ადამიანი როცა იბადება, შუბლზე თავისი ბედი უხილავი მელნით აჩნდებაო.
ბედისწერის შეცვლა არ შეგვიძლია, როგორც არ უნდა ვეცადოთ. აღმოსავლურ კულტურებში ბედისწერის ძალიან სწამთ, რაც შესაძლოა არ იყოს შესაბამისობაში პირად ნებასთან, რისიც დასავლეთში სჯერათ.
მესამე საკითხი კი მონათესავე სულის არსებობაა. როიას ბაჰმანიც უყვარს და ვოლტერიც. მისთვის ორივე მამაკაცი მნიშვნელოვანია ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე. მსურდა, ,,ერთადერთი, ჭეშმარიტი სიყვარულის’’ ცნება დამემსხვრია და მეჩვენებინა, რომ სიყვარული დროთა განმავლობაში სხვადასხვა ფორმით ჩნდება.
რომანი თქვენი წარსულით ხომ არაა შთაგონებული?
ჩემი პირველი რომანი, სახელწოდებით „ერთად, ჩაიზე“ ნაწილობრივ ავტობიოგრაფიულია. „საკანცელარიო მაღაზიაზე“ რომ ვმუშაობდი, მინდოდა, რაღაც ისეთიც დამეწერა, რასაც ჩემს ცხოვრებასთან საერთო არაფერი ექნებოდა. ამ წიგნში მოთხრობილი ამბავი, დიდწილად, 1953 წელს ვითარდება, ე.ი. იმ დროში, ვიდრე მე დავიბადებოდი ისეთ ქალაქში, რომელსაც არ ვიცნობდი (ვგულისხმობ 1950-იანი წლების თეირანს). სიუჟეტის განვითარების კვალდაკვალ, მივხვდი შემდეგს:
მიუხედავად იმისა, რომ ამბავიცა და პერსონაჟებიც მე გამოვიგონე, შეუძლებელი აღმოჩნდა, არ მეხელმძღვანელა იმ ემოციური გამოცდილებით, რაც წარსულში მქონდა გავლილი.
მახსოვს, როგორი ძლიერი და ემოციური იყო ჩემი პირველი სიყვარული. ამიტომაც, წერის პროცესში ისევ მივუახლოვდი და გავიხსენე ჩემი თავი ისეთი სიგიჟემდე შეყვარებული, როგორიც მაშინ ვიყავი. თუმცა, კალმის ჯადოსნობა დამეხმარა, რომ ჩემზე კი არ დამეწერა, სრულიად ახალი პერსონაჟი შემექმნა: უნიკალური და განსხვავებული – ადამიანი, ვისი ცხოვრებისეული გამოცდილებაც საბოლოოდ არაფრით დაემსგავსებოდა ჩემსას.
წიგნის რომელიმე პერსონაჟთან თუ აიგივებთ თავს, ანდა გარკვეულ კავშირს თუ გრძნობთ?
თავს, დიდწილად, როიასთან ვაიგივებ. მას წიგნები და საკანცელარიო ნივთები უყვარს, მეოცნებეა და იბრძვის, რომ მამას მოლოდინები გაუმართლოს იმ კარიერის გზაზე, რომელიც შესაძლოა როიას ღირებულებებს სულაც არ შეესაბამებოდეს. საკანცელარიო ნივთებისა და მაღაზიების სიყვარულთან პირდაპირ კავშირს ვგრძნობ! გარდა ამისა, თავს ვაიგივებ იმ კულტურულ შოკთან, რომელიც როიამ მიიღო საცხოვრებლად სხვაგან გადასვლისას. აშშ-ში გადასვლისას ბავშვი ვიყავი და ასეთი ემოციები არ განმიცდია, მაგრამ, როიას ასაკში შვეიცარიაში გადავედი და სწორედ იქ განვიცადე იგივე, რაც როიამ განიცადა დიდი მიგრაციისას. გარდა ამისა, როიას მსგავსად, მეც და მყავს და კარგად მესმის, როგორი ურთიერთობაც აქვთ წიგნის პერსონაჟ დებს!
რომელმა წიგნებმა და მწერლებმა მოახდინეს ყველაზე დიდი გავლენა წერის თქვენეულ სტილზე?
მე კლასიკაზე გავიზარდე: ვკითხულობდი ჩარლზ დიკენსს, ჯეინ ოსტინს, ლუისა მეი ალკოტსა და სხვებს. მეცხრამეტე საუკუნის ამ მწერლებმა ჩემი ბავშვობა და მოზარდობა შექმნეს. მაღალ კლასებში რომ გადავედი, მხოლოდ მაშინ გამიტაცა თანამედროვე ავტორებმა. ვფიქრობ, ყველაზე დიდი გავლენა წერის ჩემეულ სტილზე ორმა ავტორმა – ტონი მორისონმა და გაბრიელ გარსია მარკესმა მოახდინა. ტონი მორისონისგან ვისწავლე, რომ რომანის სტრუქტურა შემიძლია თავიდან ბოლომდე მე თვითონ შევქმნა და კონვენციური ფორმულებით არ ვიხელმძღვანელო. მარკესის ნაწერებში კი მისთვის დამახასიათებელი მაგია მიზიდავს. „საკანცელარიო მაღაზიაზე“ მუშაობისას მესამედ გადავიკითხე „სიყვარული ჟამიანობის დროს“, რათა თავიდან ბოლომდე ჩამეხედა უპასუხო სიყვარულში.
როგორ შექმენით თქვენი პერსონაჟები? ჰყავთ თუ არა მათ პროტოტიპები?
ჩემი პერსონაჟები გამოგონილია. თუმცა, თუ ავტორი ამბობს, რომ მისი წიგნის გმირები თავიდან ბოლომდე გამოგონილია, ის ცრუობს. რა თქმა უნდა, გმირებში ვაერთიანებთ იმ ადამიანების თვისებებს, რომლებსაც ვიცნობთ და ჩვენს საკუთარ თვისებებსაც აღვწერთ. თითოეული მთავარი პერსონაჟის შექმნამდე ძალიან დიდი შრომა გავწიე. ზოგადად, საკმარისი არ არის მხოლოდ იმის გამოთქმა-გამოხატვა, რაც წიგნის გმირებს სურთ. ამიტომ, კმაყოფილი ვარ, რომ პერსონაჟების ხმით მოვყევი ამბავს, რათა დაგვენახა, ყველაზე მეტად რას ნანობენ, რა საიდუმლოები აქვთ, რას მიირთმევენ დილაობით საუზმეზე და ყველაზე მეტად რისი ეშინიათ. ამ ყველაფრის ცოდნა გვეხმარება პერსონაჟების შექმნაში მაშინაც კი, თუ მათი პასუხები უშუალოდ არ ჩანს რომანში. ეს დამეხმარა, მთავარი პერსონაჟები კარგად გამეცნო და მათ სულს ჩავწვდომოდი.
რამე გამოწვევა თუ შეგხვდათ ,,საკანცელარიო მაღაზიაზე“ მუშაობისას?
უამრავი! ყველაზე დიდი გამოწვევა სიუჟეტი აღმოჩნდა. პირველი სამუშაო ვარიანტი რომ დავასრულე, მივხვდი, რაღაცა აკლდა. იძულებული გავხდი, ტექსტს მივბრუნებოდი, ჩემი საყვარელი პერსონაჟი მომეკლა და საკანცელარიო მაღაზია ცეცხლის ალში გამეხვია. იმის დალაგება, თუ რა გავლენას ახდენდა წარსული აწმყოზე და როგორ უკავშირდებოდა ერთმანეთს ქვე-სიუჟეტები, ძალიან რთული იყო და ბევრი ღამე თეთრად გამათენებინა.
თქვენი საყვარელი სცენა რომელია წიგნში?
მე ერთ-ერთი სევდიანი სცენა მომწონს: როცა როია მოხუცთა სახლში ბაჰმანს მიუწვება საწოლზე და სამოცი წლის განმავლობაში პირველად და უკანასკნელად ეხუტება. მერე ბაჰმანი კვდება. ეს სცენა ბლოკნოტში კალმით ჩავწერე და თან ვტიროდი. თუმცა, ეს შვებისა და კურნების ცრემლები იყო. როიას და ბაჰმანს ის აქვთ, რაც ბევრ ადამიანს არა აქვს: მათ ყველა გაუგებრობა გაარკვიეს. ამ მომენტში როია სამოცდაჩვიდმეტი წლისაცაა და ჩვიდმეტისაც. დროის ამ მონაკვეთში მთლიანად ბაჰმანს ეკუთვნის.
წიგნის სიუჟეტი ირანის პოლიტიკური გადატრიალების დროს ვითარდება. როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ ისტორიულ პერიოდზე წერის მიმართ?
1950-იანი წლების ირანზე რომ დამეწერა, გავეცანი წიგნებს 1953 წლის სახელმწიფო გადატრიალების შესახებ და ავტობიოგრაფიული ამბებიც ბლომად გამოვიკვლიე. გავეცანი იმდროინდელ საგაზეთო სტატიებს 1953 წლის 19 აგვისტოსთან დაკავშირებით. ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრებიც გამოვკითხე.
მამაჩემი დამეხმარა და დეტალური ინფორმაცია გამიზიარა იმის შესახებ, თუ როგორ ნამცხვრებს ამზადებდნენ იმ დროს თეირანის კაფეებში და როგორი ფილმები იყო პოპულარული.
რამდენიმე განსაკუთრებული რამ გავიგე: თურმე ბევრი თეირანელი მაღალკლასელი სწავლობდა ტანგოსა და ვალსის ცეკვას. ისინი იტალიურ ფილმებს უყურებდნენ ქალაქის კინოთეატრებში და დემოკრატიაზე, კომუნიზმსა და საპარლამენტო სისტემაზე მსჯელობდნენ. ჭეშმარიტად იგრძნობოდა, რომ ქვეყანა ახალი დასაწყისის მიჯნაზე იდგა.
როგორ ფიქრობთ, რას მიიღებენ მკითხველები ამ წიგნისგან?
მაქვს იმედი, ჩემი წიგნი მკითხველს სულსა და გულს დაუამებს; შესაძლოა, ნებისმიერ დროს ნებისმიერი ასაკისანი ვიყოთ, გაწამაწიით აღსავსე ცხოვრების ბოლოს კი შენაძენმა დანაკარგი გადაწონოს. სიყვარული დანაკარგზე ძლიერია.