ლეილა ბერიაშვილი ქარჩხაძის გამომცემლობასთან უკვე წლებია თანამშრომლობს. პროფესიით ფილოლოგია. ქარჩხაძის გამომცემლობის წიგნების დიდი ნაწილი მისი რედაქტორობითაა გამოსული. დაწყებული თარგმანებით, დამთავრებული ჯემალ ქარჩხაძის სრული შემოქმედებით. თუმცა გამომცემლობაში მისი როლი რედაქტორობას ბევრად სცდება. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ თანამედროვე ქართულ ენაზე, ქართული ენის სალიტერატურო ნორმებით გადმოცემული ძველი ქართული, ყველასთვის ცნობილი და ძვირფასი ტექსტების წაკითხვაა შესაძლებელი. მის მიერ თანამედროვე ქართულით გადმოცემულ ტექსტებში ხშირად ორიგინალისთვის დამახასიათებელი სინტაქსური წყობაც კი შენარჩუნებულია. პროზად გადმოცემული “ვეფხისტყაოსანი” და “დავითიანი”, თანამედროვე ქართულით დაწერილი სულხან-საბა ორბელიანის იგავები და ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები — ეს არასრული ჩამონათვალია ლეილა ბერიაშვილის ნაშრომებისა. რატომ უყვარს მას ასე განსაკუთრებულად ძველი ქართული ლიტერატურა? რომელი ნაწარმოებია მისი საყვარელი და რომელ ტექსტზე მუშაობა იყო მისთვის ყველაზე რთული? — ამ და სხვა კითხვებს ავტორი პასუხობს.
– ქალბატონო ლეილა, აშკარაა, რომ ძველი ქართული ლიტერატურა განსაკუთრებულად გიყვართ, რატომ და როდის გადაწყვიტეთ ამ ტექსტების თანამედროვე ქართულით გადმოცემა?
– ძველი ქართული მწერლობის ტექსტებზე მუშაობას ძველი ქართული ლიტერატურის განსაკუთრებულ სიყვარულად ნუ ჩამითვლით — მე მთელი ქართული მწერლობა მიყვარს. ადრე ენათმეცნიერების ინსტიტუტში ვმუშაობდი, ჯერ სამეცნიერო ტერმინოლოგიის, შემდეგ — ლექსიკოლოგიის განყოფილებაში. ასე რომ, ქართულ ტექსტებზე და, ზოგადად, ქართულ სიტყვაზე მუშაობა ჩემთვის უცხო არ არის. ინსტიტუტიდან წამოსვლის მერე, ჩავერთე “ქარჩხაძის გამომცემლობის” საქმიანობაში. გაჩნდა სასკოლო მიმართულება, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის მიგვეწოდებინა ძველი ქართული ტექსტები ქართული ენის თანამედროვე სალიტერატურო ნორმების დაცვით, ანუ თანამედროვე ქართულით. ასე გამოვიდა ის წიგნები, რომლებიც თქვენ ჩამოთვალეთ, ოღონდ, “ვეფხისტყაოსანი” პროზად, გამომცემლობამ გამოსცა ჩემ მიერ ბავშვებისთვის მოთხრობილი პოემის შინაარსი (რა თქმა უნდა, ტექსტზე დაყრდნობით) ფატმანისა და ავთანდილის სასიყვარულო ურთიერთობის გამოკლებით. წიგნსაც, შესაბამისად “საბავშვო ვეფხისტყაოსანი” დაერქვა.
– საზოგადოებაში ორაზროვნებაა — ძველი ქართული ტექსტების თანამედროვე ქართულით გადმოცემა ბევრისთვის მიუღებელია. თქვენ რას ეტყოდით მათ, ვინც ფიქრობს, რომ ასე ძველი ქართული ლიტერატურა რეალურ სახეს კარგავს?
– საზოგადოების ორაზროვნული დამოკიდებულება ძველი ქართული ტექსტების თანამედროვე ქართულით გადმოცემასთან დაკავშირებით ამ ბოლო ხანებში მნიშვნელოვნად შეიცვალა. თუ ადრე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ასეთ საქციელსა თუ აქტს, და ძველი ტექსტები მიაჩნდათ ხელშეუხებლად, (და, თუ აზრს ვერ გამოიტან რომელიმე წინადადებიდან, იმას ხომ გაიგებ, ზოგადად, რაზეც არის დაწერილიო), ახლა მეტი მომხრე გაუჩნდა ძველი ტექსტების თანამედროვე ქართულით გადმოცემას, სადაც ტექსტის “რეალური სახე” არ იკარგება და არც უნდა დაიკარგოს.
– რომელი იყო ყველაზე რთული და ყველაზე მარტივი სამუშაო ტექსტი? რა სირთულეებია დასაძლევი ძველ ქართულად დაწერილი ტექსტის თანამედროვე ქართულად გადმოცემისას?
– “რთულ” და “მარტივ” სამუშაო ტექსტებად ვერ დავყოფდი… ძველი ტექსტების, თხზულებების, თანამედროვე სალიტერატურო ქართული ენით გადმოცემისას, მთავარია ის ხიბლი და სურნელი არ დაიკარგოს, რაც მას ახლავს. ეს სურნელი და ხიბლი კი სხვადასხვაგვარია ეპოქის სხვადასხვა მწერალთან. თუ ხუცესს მოკლე, ლაკონიური თქმა ემარჯვება, საბანისძეს — შედარებებითა და შეგონებებით გრძელი ფრაზები, მერჩულე დიდი, სავსე, მჭევრმეტყველური, დარბაისლური ქართულით წერს. ასეთ დროს უნდა ეცადო და იმათი სტილი დაიცვა. ამას გარდა, ზოგიერთი ძველი ქართული სიტყვა რამდენიმე მნიშვნელობის მატარებელია, აქ კი დიდი დაკვირვებაა საჭირო, გაიგო მწერალი რომელი მნიშვნელობით იყენებს ამა თუ იმ სიტყვას, რომ შესაბამისად მოარგო სათქმელს წინადადებაში. სირთულეც აქედან გამომდინარეობს.
– წელს გამოვიდა ქართული მწერლობის (სასკოლო გამოცემის) I ტომი, ძველი ქართული მწერლობა, ამ წიგნში თავმოყრილია თქვენ მიერ თანამედროვე ქართულ ენაზე გადმოცემული არა მხოლოდ ყველასთვის კარგად ნაცნობი ავტორების ნაწარმოებები (იაკობ ხუცესი, იოვანე საბანისძე, გიორგი მერჩულე), არამედ შედარებით მივიწყებული ავტორებიც. რომელია თქვენთვის განსაკუთრებული, თუმცა საზოგადოების ნაწილის მიერ მივიწყებული ნაწარმოები?
– განსაკუთრებულად მიყვარს გიორგი მერჩულის “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება”, ხოლო საზოგადოების ნაწილის მიერ განსაკუთრებულად მივიწყებული “ამირანდარეჯანიანი” მგონია. არადა, რა საინტერესოა!
– და ბოლოს, რა თქმა უნდა, საინტერესოა გავიგოთ თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ, უკვე შერჩეული ხომ არ გაქვთ რომელიმე ნაწარმოები, რომელსაც საზოგადოებას თანამედროვე ქართულ ენაზე შესთავაზებთ?
– ჩემი სამომავლო გეგმები გამომცემლობის გეგმებთანაა დაკავშირებული. ისე, ვისურვებდი, თანამედროვე ქართულ ენაზე წაეკითხათ ძველი ქართული საისტორიო მწერლობა.
ინტერვიუ მოამზადა ნინაკო ღლონტმა.