ინტერვიუ ერნან დიასთან

  1. რომელი თემების შესწავლა იყო თქვენთვის ყველაზე საინტერესო
    „ნდობაში“ და რატომ ჩათვალეთ, რომ ისინი აქტუალური და
    მიმზიდველია?

    თემების თუ პრობლემების მთელი თანავარსკვლავედია, რომლებმაც ამ
    პროექტისკენ მიბიძგა. მხოლოდ სამ მათგანს დავასახელებ. ფული
    ყოვლისმომცველი ძალაა, რომელიც ჩვენს ცხოვრებას განსაზღვრავს და მას ეს
    მისტიკური, ტრანსცედენტული აურა აქვს, ამიტომაც გგონია, რომ ფულზე და
    ფულის შოვნაზე უამრავი რომანი უნდა დაეწერათ. ჩემდა გასაკვირად,
    აღმოვაჩინე, რომ ასე ნამდვილად არ არის ამერიკულ ლიტერატურაში, სადაც
    ბევრი წიგნია კლასობრივ პრობლემებზე, თუმცა არა თავად ფულის შესახებ.
    მეორე, მინდოდა, იმ ფაქტზე გამემახვილებინა ყურადღება, რომ
    ათასწლეულების განმავლობაში ფინანსურ სამყაროს მამაკაცები მართავდნენ.
    კაპიტალის გრანდიოზულ ეპოპეებში ქალების ადგილი არ იყო. ეს
    მიზანმიმართული ამოშლაა ისტორიიდან, რასაც იმედი მქონდა, რომ
    დავუპირისპირდებოდი. მესამე, ყოველთვის მაინტერესებდა, როგორ
    გადაიკვეთებოდა ფული და მხატვრული ლიტერატურა. ორივე გამონაგონის
    სხვადასხვა ფორმაა და სწორედ ამან მომხიბლა.
  1. როგორ ინარჩუნებთ წონასწორობას ისტორიულ სიზუსტესა და
    ლიტერატურულ წარმოსახვას შორის?

    ისტორიულმა სიზუსტემ საშუალება უნდა მისცეს მწერალს, თავის
    წარმოსახვას უფრო გააზრებულად მისცეს გასაქანი. არ მომწონს
    სიზუსტის გაფეტიშება, თუმცა ანაქრონიზმებს და დაუდევრობასაც ვერ
    ვიტან. რომანი მღელვარების მომგვრელი, ლამაზი და მართალი უნდა
    იყოს (რაც იგივე არ არის, რაც ზუსტი).
  2. რომელმა წიგნებმა ან ავტორებმა იქონიეს ყველაზე დიდი გავლენა
    თქვენი წერის სტილზე?

    ოჰ, ძალიან ბევრმა. მოდი, ვინც გამახსენდება, იმათ ჩამოვთვლი: მიგელ
    დე სერვანტესი, სემუელ ბეკეტი, ვირჯინია ვულფი, ხორხე ლუის
    ბორხესი, ჯორჯ ელიოტი, ჩარლზ დიკენსი, ჰენრი ჯეიმსი, ედით
    უორტონი, დევიდ მარკსონი, ჯოი უილიამსი. დიდხანს შემიძლია
    გავაგრძელო.
  3. რა ხერხს მიმართავთ თქვენი პერსონაჟების შესაქმნელად? ეფუძნებიან
    თუ არა ისინი რეალურ ადამიანებს?

    არა, არ ეფუძნებიან, ჩემი ხერხი ფსიქოლოგიური არ არის, არც
    სიუჟეტიდან გამომდინარეობს (ჩემს პერსონაჟებს ვერ აღიქვამ, როგორც
    „აგენტებს“, რომლებიც სიუჟეტს ავითარებენ). ეს არც პორტრეტია. ჩემი
    პერსონაჟები ლინგვისტური ქმნილებები არიან. ისინი სინტაქსის,
    ლექსიკური არჩევანის და პუნქტუაციის მეშვეობით ჩნდებიან, მე კი
    იმედი მაქვს, რომ ამ გამოჩენისას ისინი რაღაცნაირად (ეს ცოტათი
    მისტერიას ჰგავს) ემოციური განზომილებით იქნებიან
    დაჯილდოებულები.
  4. „ნდობის“ წერის დროს რაიმე სირთულეებს შეეჯახეთ?
    ბევრს. არ მინდოდა, ფინანსურ დეტალებში ჩაფლობა. ფაქტობრივ
    დეტალებში ჩაღრმავება და საკუთარი საარქივო აღმოჩენებით თავის
    მოწონება ერთ-ერთი ის საშიშროებაა, რასაც თქვენ „სიზუსტეს“
    უწოდებთ. თუმცა ყველაზე დიდი სირთულე იყო ისე დამეწერა,
    როგორც იდა პარტენცა და მილდრედ ბეველი – რომანის ორი
    გამოგონილი ავტორი – დაწერდნენ.
  5. რას ურჩევდით ახალბედა მწერლებს იმ ქვეყნებიდან, რომლებიც
    ხშირად მსოფლიო ლიტერატურული ყურადღების მიღმა რჩებიან?

    ჩემი რჩევა საკმაოდ ბანალურია: უნდა წერო ენის სიყვარულის და სხვა
    არაფრის გამო. წერეთ სიამოვნებისთვის და დატკბით ლამაზი წინადადებით.
    ცოტა რამ არის მნიშვნელოვანი ესთეტიკური საოცრების ამ შეგრძნების გარდა.
    მაპატიეთ, რომ უფრო პრაქტიკული რჩევის მოცემა არ შემიძლია.
  6. რას ისურვებდით, რომ საბოლოოდ მკითხველებმა „ნდობის“ წაკითხვის
    შემდეგ მიიღონ – ემოციურად, ინტელექტუალურად ან სხვა მხრივ?

    არ მინდა, მთელი წიგნი ერთ წინადადებამდე დავიყვანო, თანაც ძალიან
    სკეპტიკურად ვუყურებ „განზრახვას“ (თუ განზრახვა ტექსტში რჩება, წიგნი
    წარუმატებელია), თუმცა ვისურვებდი, ამ წიგნს მკითხველებში პარანოიის
    ნაყოფიერი, ხალისიანი შეგრძნება აღეძრა.
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *