ქარჩხაძის გამომცემლობა

კალათა

Cart ნივთი: 0 - 0 ლარი
ავტორიზაცია

გურამ დოჩანაშვილი

guram doCanaSvili

გურამ დოჩანაშვილი 1939 წელს ქალაქ თბილისში დაიბადა.1946 წელს მომავალი მწერალი სასწავლებლად  ვაჟთა პირველ სკოლაში მიაბარეს. მისი თანაკლასელები და უახლოესი მეგობრები იყვნენ მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, ჯონდო მეტრეველი, ანატოლი მიქაძე, ვოვა სიხარულიძე, თამაზ გუნჯუა, თემურ ცერცვაძე, გურამ სხირტლაძე. 1956 წელს მათ თავს სუკის რისხვა დაატყდათ. გურამ დოჩანაშვილს ბრალად ედებოდა ანტისაბჭოთა პროპაგანდა და მისჯილი ჰქონდა სამწლიანი პატიმრობა, რომელიც შემდგომ პირობითი სასჯელით შეუცვალეს. დოჩანაშვილმა სწავლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე განაგრძო, აქტიურად მონაწილეობდა არქეოლოგიურ გათხრებში. უკრავდა უნივერსიტეტის ორკესტრში. უნივერსიტეტში სწავლისას თავისი მომავალი მეუღლე ნათელა სეფიაშვილი გაიცნო.
მწერლის პირველი მოთხრობები დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“ 1961 წელს. მის ცხოვრებაში განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი 1966 წელი იყო, დაიბადა მისი პირველი შვილი და გამოიცა მისი პირველი წიგნი „მთის გადაღმა“. მოგვიანებით გურამ დოჩანაშვილი გაწევრიანდა მწერალთა კავშირში. 1990 წელს მწერალს გარდაეცვალა შვილი, რამაც მასზე ძლიერი დარტყმა მოახდინა. 1962-75 წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. მონაწილეობდა 30-მდე ქვის ხანის არქეოლოგიურ ექსპედიციაში. 1975-85 წლებში იყო ჟურნალ „მნათობის“ პროზის განყოფილების გამგე. მეთაურობდა პროზის სექციას მწერალთა კავშირში.1985 წლიდან დღემდე კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მთავარი რედაქტორია. გურამ დოჩანაშვილის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებებია: ”სამოსელი პირველი”, ”კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა”, ”იგი სიყვარულისთვის იყო გაჩენილი, ანუ გრიშა და მთავარი”, ”ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება, ანუ მესამე ძმა კეჟერაძე” და სხვა. გურამ დოჩანაშვილი ლიტერატურული პრემია – “საბას” ლაურეატია, ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.