ქარჩხაძის გამომცემლობა

კალათა

Cart ნივთი: 0 - 0 ლარი
ავტორიზაცია

გიორგი ლეონიძე

giorgi leoniZe

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წელს სოფელ პატარძეულში. მამა – ნიკო ლეონიძე, ასევე ცნობილი საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, ვაჟა-ფშაველას დიდი მეგობარი იყო. მას გორის სემინარია ჰქონდა დამთავრებული და სიცოცხლის ბოლო წლებში სასულიერო მოღვაწეობას ეწეოდა. დედა – სოფიო გულისაშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიის და ხალხური სიტყვიერების საუკეთესო მცოდნედ ითვლებოდა. სოფიოს მამა ნინოწმინდის სამიტროპოლიტო ტაძრის წინამძღვარი იყო. ბიძა – ზაქარია გულისაშვილი – ხალხოსანი მწერალი, „შაქროს” ფსევდომინით იბეჭდებოდა.ნიკო ლეონიძის ოჯახში იკრიბებოდნენ ქართული საზოგადოების გამოჩენილი წარმომადგენლები. ასეთ გარემოში აღზრდილ გიორგი ლეონიძეს ბავშვობიდანვე გამოჰყვა ქვეყნისა და მშობლიური ლიტერატურის სიყვარული. გიორგი ლეონიძის სწავლა-აღზრდაზე დიდი გავლენა მოახდინა მამის დანატოვარმა მდიდარმა ბიბლიოთეკამაც. გიორგის მამა ორი წლის ასაკში გარდაეცვალა.1907 წელს გიორგი ლეონიძე თბილისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. ამ პერიოდში მან თანამოაზრეებთან ერთად ლიტერატურული წრე ჩამოაყალიბა. 1913 წელს სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც 1918 წელს დაასრულა. აქ მას ასწავლიდნენ ისეთი გამოჩენილი პიროვნებები, როგორებიც არიან: ვასილ ბარნოვი, ნიკო სულხანიშვილი, კორნელი კეკელიძე და სხვ. 1911 წლიდან უკვე პრესაში გამოჩნდა მისი პირველი ლექსები და წერილები. იგი რედაქტორობდა ხელნაწერ ჟურნალებს „გვირგვინი” და „ფანდური”, რომლებიც სემინარიაში გამოდიოდა. 1916 წელს გიორგი ლეონიძემ დააარსა ლიტერატურული ალმანახი „საფირონი”.1918 წელს იგი დაუახლოვდა „ცისფერყანწელებს”.1919 წელს პოეტმა თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტში განაგრძო სწავლა. 1921 წელს ლეონიძემ ტიციან ტაბიძესთან ერთად გამოსცა პოეტური კრებული „რევოლჲიუციის პოეტები”. 1922-1923 წლებში იგი „ცისფერყანწელთა” ყოველკვირეულ სალიტერატურო გაზეთ „ბახტრიონს” რედაქტორობდა.  იყო ქართული ლიტერატურის, განსაკუთრებით ძველი ქართული მწერლობის, ქართულ-რუსული, ქართულ-უკრაინული ლიტერატურის ურთიერთობათა მკვლევარი, ძველი ხელნაწერების მაძიებელი და გამომცემელი. 30-იან წლებში მისი ინიციატივით დაარსდა მთაწმინდის მწერალთა მუზეუმი, რომელიც მოგვიანებით საქართველოს სსრ სახელმწიფო ლიტერატურული მუზეუმად გადაკეთდა (ამჟამად გ. ლეონიძის სახელობისა), იგი წლების მანძილზე ამ მუზეუმის დირექტორად მუშაობდა. დააარსა ალმანახი „ლიტერატურული მემკვიდრეობა”, რომელსაც თვითონვე რედაქტორობდა. 1940-1948 წლებში „ლიტერატურული მატიანის” რედაქტორი იყო, 1951-1953 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს მწერალთა კავშირს. 1957-1966 წლებში შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტს. კინოფილმ „ჯურღაის ფარის” სცენარისათვის მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.

დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.