ქარჩხაძის გამომცემლობა

კალათა

Cart ნივთი: 0 - 0 ლარი
ავტორიზაცია

გრიგოლ რობაქიძე

grigol robaqiZe

გრიგოლ რობაქიძე დაიბადა 1882 წელს სოფელ სვირში. ქუთაისის გიმნაზიის დასრულების შემდეგ ჯერ ტარტუს უნივერსიტეტში სწავლობდა, შემდეგ კი ფილოსოფიის დოქტორის ხარისხით დაასრულა ლაიპციგის უნივერსიტეტი. გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ ქართველ სიმბოლისტთა ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი გახდა. გრიგოლ რობაქიძე „ცისფერყანწელების” ერთერთი დამფუძნებელია. 1917 წელს რობაქიძის აქტიური მონაწილეობით დაარსდა საქართველოს მწერალთა კავშირი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის წლებში რობაქიძე აქტიურად მონაწილეობდა დამოუკიდებელი საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და ლიტერატურულ ცხოვრებაში. მისი უშუალო მონაწილეობით დაფუძნდა ქართული დელეგაცია სტამბოლში. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის შემდეგ გრიგოლ რობაქიძე აქტიურად ჩაება საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რისთვისაც მუდმივად განიცდიდა დევნას ბოლშევიკურ-კომუნისტური იდეოლოგიის

წარმომადგენელთა მხრიდან. 1931 წლიდან გარდაცვალებამდე იყო პოლიტიკური ემიგრანტი, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა გერმანიაში, შვეიცარიაში. მისი უშუალო მოღვაწეობით ემიგრაციაში დაარსდა ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი და იყო ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი. რობაქიძის პროზაზე უდიდესი გავლენა იქონია ფრიდრიხ ნიცშეს ნაშრომებმა. მის შემოქმედებას სხვა და სხვა დროს უმაღლესი შეფასება მისცეს შტეფან ცვაიგმა, რომენ როლანმა, ნიკოს კაზანძაკისმა და მსოფლიო ლიტერატურის სხვა გამოჩენილმა წარმომადგენლებმა. საერთაშორისო აღიარება მოიპოვა მისმა რომანებმა „გველის პერანგი”, „დემონი და მითოსი”, „ჩაკლული სული”, „გრაალის მცველნი”, „მეგი – ქართველი ასული” და სხვა. დიდი პოპულარობა მოიპოვა გერმანულ და სხვა ენებზე გამოცემულმა მისმა კრებულმა „კავკასიური ნოველები”. რობაქიძე არჩეული იყო ევროპის რამდენიმე ლიტერატურული საზოგადოების წევრად. აღსანიშნავია, რომ 1960-იანი წლების დამდეგს გადაწყვეტილი იყო მისი წარდგენა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიაზე, რასაც ხელი შეუშალა მწერლის გარდაცვალებამ.

მწერალი 1962 წლის 19 ნოემბერს გარდაიცვალა შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში და იქვე დაიკრძალა. 1976 წელს ქართველი ემიგრანტების – ნინო და კალისტრატე სალიების- თაოსნობით საფრანგეთში, ლევილის ქართულ სასაფლაოზე გადაასვენეს. უმემკვიდრო მწერლის ბინა პოლიციამ დალუქა. ბერლინში არსებულ მწერლის არქივს საჯარო ლიკვიდაციაც დაუპირეს, მაგრამ იგი გადარჩა გრიგოლ რობაქიძის შვეიცარიელი მეგობრის ძალისხმევით.