ქარჩხაძის გამომცემლობა

კალათა

Cart ნივთი: 0 - 0 ლარი
ავტორიზაცია

მიხეილ ჯავახიშვილი

Javahishvili

მიხეილ ჯავახიშვილი დაიბადა 1880 წელს სოფელ წერაქვში. XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მწერალი, თვალსაჩინო საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე  1921-1924 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო. მისი პირველი მოთხრობა 1903 წელს გამოჩნდა, თუმცა შემდეგი ნაწარმოები მხოლოდ 1920-იან წლებში გამოაქვეყნა. საბჭოთა იდეოლოგიის ზეწოლასთან წინააღმდეგობა მწერალს სიცოცხლის ფასად დაუჯდა. სწავლობდა ჯერ წინამძღვრიანთკარის, შემდეგ ყირიმის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელში, რომელიც ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის გამო არ დაუმთავრებია: ავაზაკებმა მოუკლეს დედა და და, ხოლო მამა ამ უბედურებას გადაჰყვა. 1901 წელს საქართველოში დაბრუნდა. პირველი მოთხრობა „ჩანჩურა” 1903 გაზეთ „ცნობის ფურცელში” გამოაქვეყნა. ეწეოდა აქტიურ ჟურნალისტურ მოღვაწეობას, რედაქტორობდა გაზეთ „ივერიას”. რეპრესიების გამო მწვავედ აკრიტიკებდა მეფის ხელისუფლებას. ჯავახიშვილის 1903-1908 წლებში გამოქვეყნებული მოთხრობები  გულწრფელ თანაგრძნობას უღვივებდა მკითხველს უბრალო ადამიანებისადმი. თემატური სიახლით, მამხილებელი და ჰუმანისტური პათოსით, რეალისტური კოლორიტით აღბეჭდილი ეს მოთხრობები ახალი სიტყვა იყო ქართულ მწერლობაში.. 1907 წელს მწერალი გაერიდა ხელისუფალთა დევნას, სწავლობდა პარიზის უნივერსიტეტში, მოგზაურობდა ევროპაში. საქართველოში სხვისი პასპორტით დაბრუნდა, შემდგომ დააპატიმრეს და გადაასახლეს. მწერალი დონის როსტოვში ცხოვრობდა, 1913 წელს კვლავ სამშობლოში დაბრუნდა. თხუთმეტწლიანი დუმილის შემდეგ მოთხრობა „ტყის კაცით” დაიწყო მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედების მეორე პერიოდი. მის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა ადამიანის ვალდებულება სამშობლოს, ხალხის, ოჯახის წინაშე. მან ერთ-ერთმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი XX საუკუნის ქართულ რეალისტურ რომანს, შექმნა ავანტიურული, სოციალური, სათავგადასავლო, ისტორიული, ფილოსოფიური რომანები. ჯავახიშვილს ეკუთვნის მრავალრიცხოვანი პუბლიცისტური, ლიტერატურულ-კრიტიკული წერილი და ნარკვევი, ავტობიოგრაფიული ჩანაწერი, გი დე მოპასანის, ჰ. სენკევიჩის, ა. ჩეხოვის, პ. ისტრატის თარგმანები. მისი ნაწარმოებები თარგმნილია მრავალ უცხო ენაზე.
1930 წელს ჯავახიშვილი დაუპირისპირდა ტროცკისტ მალაქია ტოროშელიძეს, საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდენტსა და განათლების სახალხო კომისარს, ამ უკანასკნელის მიერ ქართული ლიტერატურის კლასიკის აკრძალვის გამო. ლავრენტი ბერიას ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს აკრძალვა მოიხსნა და ჯავახიშვილმაც მცირე ხნით მხარდაჭერა მიიღო. მისი „არსენა მარაბდელი” ხელმეორედ გამოიცა, დაიდგა თეატრში და გამოვიდა ფილმად. თუმცა 1936 წელს „ქალის ტვირთის”, სოცრეალისტური რომანის ადრეული ნიმუში, გამოქვეყნების შემდეგ ბოლშევიკ აქტივისტთა მწვავე კრიტიკას ვერ გაექცა.

1937 წლის 22 ივლისს პაოლო იაშვილმა მწერალთა კავშირის შენობაში თავი მოიკლა. კავშირის სხდომამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც პოეტის საქციელი ანტისაბჭოთა პროვოკაციად შერაცხეს. მიხეილ ჯავახიშვილი ერთადერთი ადამიანი იყო, რომელმაც პოეტის გამბედაობას მხარი დაუჭირა. ოთხ დღეში, კავშირის პრეზიდიუმმა კენჭისყრით მიიღო გადაწყვეტილება: „მიხეილ ჯავახიშვილი, ჯაშუში და დივერსანტი, განდევნილ იქნას მწერალთა კავშირიდან და ფიზიკურად განადგურდეს”. მისი მეგობრები და კოლეგები, მათ შორის ციხეში მყოფნიც, აიძულეს ეღიარებინათ ჯავახიშვილი, როგორც კონტრ-რევოლუციონერი ტერორისტი. მხოლოდ კრიტიკოსმა გერონტი ქიქოძემ დატოვა კავშირის სხდომა პროტესტის ნიშნად.

მწერალი 1937 წლის 14 აგვისტოს დააპატიმრეს და ბერიას თანდასწრებით წამების ქვეშ ხელი მოაწერინეს „აღიარებაზე”. სასჯელი აღსასრულში მოიყვანეს დახვრეტით იმავე წლის 30 სექტემბერს. მწერლის არქივი განადგურდა, ხოლო მის ქონებას კონფისკაცია გაუკეთდა. მოგვიანებით მისი ძმაც დახვრიტეს, მეუღლე კი გადაასახლეს.

მიხეილ ჯავახიშვილზე ცენზურა მხოლოდ 1950-იანი წლების ბოლოს მოიხსნა. რეაბილიტაციის შემდეგ კვლავ გამოიცა მისი ნაწარმოებები.