ქარჩხაძის გამომცემლობა

კალათა

Cart ნივთი: 0 - 0 ლარი
ავტორიზაცია

დავით კლდიაშვილი

kldiaSvili

დავით კლდიაშვილი დაიბადა 1862 წელს სოფელ სიმონეთში. 7 წლის კლდიაშვილი ქუთაისში რუსი ექიმის ოჯახში მიაბარეს რუსული ენის შესასწავლად. 1872 წელს სახელმწიფო ხარჯით გაიგზავნა კიევის სამხედრო გიმნაზიაში, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ მოსკოვის სამხედრო სასწავლებელი დაასრულა. ამავე წლიდან სამხედრო სამსახურში გაამწესეს ბათუმში. მეფის რუსეთის არმიის ოფიცერი, წლების მანძილზე იღვწოდა ქართველი ერის საკეთილდღეოდ; დაკავშირებული იყო მოწინავე ინტელიგენციასა და რევოლუციურად განწყობილ მუშებთან და ჯარისკაცებთან; გ. ვოლსკისთან და ი. მესხთან ერთად ბათუმის საზოგადოებრივ-კულტურულ საქმიანობას სულისჩამდგმელი იყო. 1905-1907 რევოლუციის შემდეგ, როგორც არაკეთილსაიმედო პოდპოლკოვნიკი, აიძულეს გადამდგარიყო სამხედრო სამსახურიდან. 1905 წლიდან ჯერ ქუთაისში, მერე ჭიათურის შავი ქვის მრეწველობის სამმართველოში მუშაობდა. შემდგომ მობილიზაციით გაიწვიეს ოსმალეთის ფრონტზე. თურქეთში გადასახლებული ჭანების გამოსარჩლებისათვის მას საველე სასამართლო მოელოდა, მაგრამ 1917 წლის თებერვლის რევოლუციამ მოუსწრო და კლდიაშვილი მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა, თუმცა უკვე ჯანგატეხილი და დაავადებული. კლდიაშვილის პირველი მხატვრული თარგმანები ჟურნალ „თეატრში” დაიბეჭდა, მაგრამ მისი შემოქმედებითი გზის დასწყისად 1893 წელი უნდა მივიჩნიოთ, როცა ჟურნალ „მოამბეში” კლდიაშვილის პირველი ორიგინალური მოთხრობა „შერისხვა” გამოქვეყნდა. სოციალური ჩაგვრით, უმეცრებითა და ცრურწმენით მოცული სოფლის ფონზე კლდიაშვილმა მძაფრი ტრაგიზმით დაგვიხატა გაუნათლებლობისა და სიხარბის მსხვერპლი – გლეხი კაცია საგუნაშვილი.

კლდიაშვილის შემოქმედებითი სტილისათვის დამახასიათებელია ის ძნელად მისაღწევი სისადავე და უბრალოება, რომლის შექმნა მხოლოდ დიდ მწერალს ხელეწიფება. უნუგეშო, დეგრადირებული ყოფის აღწერით მწერალი აფხიზლებდა მკითხველს, ზნეობრივი სრულყოფისაკენ, უკეთესი მდგომარეობისაკენ მოუწოდებდა მას.

კლდიაშვილი დაუბრუნდა 1914 წლიდან შეწყვეტილ სამწერლო მოღვაწეობას და 1925 წელს გამოაქვეყნა მოგონებები „ჩემი ცხოვრების გზაზე”, რომელიც ქართული მემუარული ლიტერატურის მშვენებაა. 1924-1926 დაიბეჭდა კლდიაშვილის ახალი მოთხრობები „შუა ცეცხლის პირას” და „კიმოთე მეშველიძე”. 1930 წელს ქართველმა ხალხმა დიდი ზეიმით აღნიშნეს კლდიაშვილის მოღვაწეობის 50 წლის იუბილე.

დავით კლდიაშვილი 1931 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია ქალაქ თბილისის მთაწმინდის პანთეონში.